English / ქართული / русский /
ხათუნა თოდუა
კორონავირუს COVID -19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ანოტაციაახალმა კორონა ვირუსულმა პანდემიამ სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა როგორც მთელი მსოფლიო, ისე საქართველო.  საგრძნობლად გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები. პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკა მაღალი მოწყვლადობით ხასიათდება, რაც სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სოციალური დახმარების პროგრამებისა და ბიზნესისთვის ვირუსით გამოწვეული კრიზისის დამანგრეველი შედეგების შესამსუბუქებელი ზომების გატარებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კომპლექსური და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება.

საკვანძო სიტყვები: პანდემია,  საქართველო, ეკონომიკური მაჩვენებლები. 

* * * 

ახალმა კორონავირუსულმა პანდემიამ  Covid-19,  სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა სამყარო. სახელმწიფოების მიერ პანდემიასთან ბრძოლისა  და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისათვის  მიღებულ იქნა რადიკალური  ზომები, როგორიცაა  საზღვრების ჩაკეტვა, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა/აკრძალვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა,  რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური განვითარება.  მეტიც:  ,,Covid-19-ის  კრიზისი  მიაქანებს  მსოფლიო  ეკონომიკას რეცესიისაკენ უმუშევრობისა და სიღარიბის ისტორიულად დაბალი დონით"[ООН...  2020:22].

გაეროს მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი უკანასკნელი ანალიზით, Covid-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდება, რაც 2008-09 წლების გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე უარესი მაჩვენებელია,  მიყენებული ზარალი კი სავარაუდოდ, ტრილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.  

საქართველოში ამ  ვერაგ ინფექციას დღეის მდგომარეობით  3 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა,  იზრდება დაავადებულთა რიცხვი, რომელმაც დღეისათვის  267 700-ს გადააჭარბა. აღნიშნულმა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა. საქართველომ, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოს სახელმწიფოებმა, უნდა გადაჭრას მნიშვნელოვანი დილემა:

  •  იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და უზრუნველყოს  ვირუსისგან მისი დაცვა;
  • არ დაუშვას ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა.

ამის გათვალისწინებით,  ,,მსოფლიოში  Covid-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა ორი მიმართულებით - მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის და ეკონომიკის გადასარჩენად. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი. რომელსაც მთავრობა დგამს, განპირობებულია უპირველესად ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აღებული  ვალდებულების შესრულებისა და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით" [საქართველოს მთავრობა...2020:5].

ვირუსის შემდგომი  გავრცელების პრევენციისა  და მოსახლეობისათვის საფრთხის არიდების  მიზნით შემოღებულ  იქნა მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის, საყოველთაო კარანტინი,  იძულებითი შინაიზოლაცია, რამაც  იქონია დადებითი ეფექტი, ვინაიდან შეაჩერა ვირუსის გავრცელება, ,,რეცესიის პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და კორონავირუსით გამოწვეული საყოველაო იზოლაციის წყალობით  უფრო მეტი  ადამიანი გადარჩება, ვიდრე დაიღუპება" [Portes J., 2020]; თუმცა  შეზღუდვებს  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა,    ვალების ზრდის ტემპი დაჩქარდა, 2020 წლის 10 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 1,7 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო - 1,3 მილიარდი დოლარით. 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს სახელწმიფო ვალმა ქვეყნის მშპ-ს 58 %-ს მიაღწია. არის პროგნოზი, რომ მომდევნო ხუთწლიან პერიოდში სახეზე იქნება ეკონომიკის დაახლოებით 7 %-იანი კლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 11%-იან, ანუ 1 368 ლარის ოდენობის დანაკარგს უნდა ველოდოთ. პესიმისტური პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება, ხოლო ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი თითქმის გაორმაგდება და 10,5%-ს შეადგენს.

მართალია, უმნიშვნელოვანესია  ადამიანები დაცულ იქნან ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხისაგან, მაგრამ, ,,თუ კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო  იზოლაციის  შედეგად  მშპ  6,4 %-ზე მეტით შემცირდება, მაშინ უფრო მეტ სასიცოხლო წელს დავკარგავთ, ვიდრე ვირუსთან ბრძოლით მოვიგებთ" [Whipple T., 2020].  ამიტომ, პანდემიის მასშტაბების განუწყვეტელი ზრდის პირობებში, აუცილებელია დაბალანსებული და გააზრებული ქმედებები,  რათა დაწესებული რეგულაციებით  მიყენებულმა ზიანმა ეკონომიკის შეუქცევადი უკუსვლა არ გამოიწვიოს.

უნდა ითქვას, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკა მაღალი მოწყვლადობით ხასიათდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.  პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში   დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც განსაკუთრებით  მოწყვლადი აღმოჩნდნენ პანდემიის  პირობებში - ესენია: საბითუმო და საცალო ვაჭრობა(13,9%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11,4%), მშენებლობა (8,3%), საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები (6,1%)და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს და წლებია, ეკონომიკური განვითარების ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებს.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 7,6 მილიონით, ანუ 81 %-ით შემცირდა, რაც სექტორისთვის 2,5 მილიარდი აშშ  დოლარის დანაკარგია.  ამით მნიშვნელოვან დარტყმას იღებს როგორც შრომითი ბაზარი, ისე ლარის კურსის სტაბილურობაც, ვინაიდან  ტურიზმიდან შემოსული ფინანსური კაპიტალი ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა.

ამასთან,ტურიზმის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და  ფულადი გადარიცხვების კლება, რაც  ,,დაბალი შემოსავლების და მოწყვლად ქვეყნებში მოსახლეობის მაშველი რგოლია და იმავე დროს უზრუნველყოფს ერთობ საჭირო საგადასახადო  შემოსავლებს" [Чами Р., Сайех А.,    2020:17],  იწვევს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის ზრდას: საქართველოში  2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. სავალალოა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-თან ფარდობა  3.9-დან  - 9.4 %-მდე.

კიდევ   ერთი ფაქტორი,  რამაც  კორონავირუსის  პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალი მოწყვლადობა განაპირობა,  შრომის  ბაზრის სტრუქტურის სპეციფიკაა:დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულთა რაოდენობას უტოლდება, ამასთან,  უშუალოდ დაქირავებით დასაქმებულთა შორის მაღალია იმ დასაქმებულთა წილი, რომელთაც არასტაბილური სამსახური აქვთ, მუშაობენ. მაგალითად, მომსახურების სფეროში, ან სეზონურად არიან  დასაქმებულნი და სხვ.. სწორედ ამიტომ,  უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდაა ნავარაუდევი;  ერთ-ერთი პროგნოზით,  დაქირავებით დასაქმებულ მშრომელთა საერთო რაოდენობის   30%-ისთვის მაღალია  სამსახურის დაკარგვის რისკი, ხოლო თვითდასაქმებულთა 83,5 %-ისთვის -  შემოსავლების შემცირებისა. ,,ანტიპანდემიური შეზღუდვების განახლების შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული ღონისძიებების გაგრძელების გარეშე, უმუშევრობის დონემ 2021 წელს, შესაძლოა, 26,9 %-იან ნიშნულს მიაღწიოს" [კაკულია მ., 2020:34].

სამწუხაროა, რომ პანდემიის შედეგად სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სოციალური დაცვის სისტემა, თუმცა ეს არ უნდა იყოს გასაკვირი იმ პირობებში, როცა მსოფლიოს  ყველაზე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების  სოციალური დაცვის  სისტემებიც კი არ აღმოჩნდნენ მზად პანდემიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მართალია,  საქართველოში  დროებით სამუშაოდაკარგულთა ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება, ოფიციალური მონაცემებით, 343 694 პირმა მიიღო, ხოლო თვითდასაქმებულების ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება - 171 801-მა; სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად 3,5 მილიარდამდე ლარის მოძიება მოხდა საერთაშორისო ინსტიტუციებისგანდა  თუ საქართველოს ვირ­უსამდელ ეკონომიკასა და ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ ეს მაქსიმუმი იყო, რის შემოთავაზებაც ხელისუფლებას შეეძლო, თუმცა, სამწუხაროდ,   ანტიკრიზისული სახელმწიფო პროგრამები  პანდემიის შედეგების განეიტრალებისთვის არასაკმარისი  აღმოჩნდა,  კრიზისი გრძელდება,   ახალი ანტიპანდემიური შეზღუდვების შემოღებას შესაძლოა საქართველოს ეკონომიკამ ვეღარ გაუძლოს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის გრძელვადიან ღონისძიებებს.

საჭიროა  ახალი ეკონომიკური  მოდელის შემუშავება  მსოფლიოში შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით,  სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კომპლექსური და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, გაჩერებული ეკონომიკის ახალ, ინოვაციურ რელსებზე გადაყვანა,  ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია.

მწყობრი ეკონომიკური ხედვისა და მიდგომის ჩამოყალიბების შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს კრიზისის დაძლევას და ეკონომიკის სტაბილიზაციას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. Covid-19- ის  წინააღმდეგ  საქართველოს  მთავრობის  მიერ  გატარებული   ღონისძიებების ანგარიში,  2020,  გვ. 5.

2. კაკულია  მ.,  კაპანაძე  ნ.,  2020,  ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში, თბ.,  ფრიდრიხ ებერტის ფონდი,  გვ. 34.

3. Portes J., 2020, Lockdown will not cost more lives than it saves.

ხელმისაწვდომია: https://www.aljazeera.com/opinion /2020/4/24/lockdown-will-not-cost-more-lives-than-it-saves 

4. Whipple T., 2020, Economic crash could cost more lives than coronavirus, The Times,

 Times Newspaper Limited.

ხელმისაწვდომია: https://www.thetimes.co.uk/articleeconomic-crash-could-cost-more-lives-than-coronavirus-studywarns-nxrn3bzbs

5. Рамочная программа ООН для немедленных социально- экономических ответных мер на Covid-19, 2020, стр. 22

6. Чами Р., Сайех А.,  2020,  Спасательная помощь под угрозой,     ежеквартальный журнал ММФ –  ,,Финансы и развитие",   выпуск 57,  № 2,  стр. 17.